საზოგადოებრივი მოძრაობის „ის, რაც გვაერთიანებს“ შექმნის ისტორია და მიზანი

საზოგადოებრივი მოძრაობის „ის, რაც გვაერთიანებს“ შექმნის ისტორია და მიზანი

2024 წლის დასაწყისში „ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პოპულარიზაციის სამეცნიერო ცენტრის“ წევრებმა საქართველოს საპატრიარქოს გავაცანით ჩვენი მოსაზრებები საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღნიშნვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენი სურვილი იყო 2024 წლიდან ქვეყნის მასშტაბით დაწყებულიყო შემეცნებითი შეხვედრები და შემოქმედებითი საღამოები საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გახსენების მიზნით. საპატრიარქომ მოიწონა ჩვენი განზრახვა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან თანამშრომლობით საფუძველი ჩაუყარა სამწლიან (2024-2026) კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამას „ქართული თვითმყოფადობა“. ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდა ლექციები ჩვენი ერის, ეკლესიის, ლიტერატურისა და ხელოვნების ისტორიის საკითხებზე. მოსახლეობის ფართო ფენებთან გამართულმა შეხვედრებმა გამოავლინა ჩვენს საზოგადოებაში არსებული დიდი ინტერესი მსგავსი საგანმანათლებლო პროექტებისადმი. ამ საკითხებზე მსჯელობისას მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა შორის გაჩნდა მოსაზრება, რომ კარზე მომდგარი საიუბილეო თარიღის ფართო მასშტაბით აღნიშვნა დიდად შეუწყობს ხელს ჩვენი საზოგადოების სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ახალ საფეხურზე ასვლას... ამ მოსაზრების საფუძველზე გადაწყდა შექმნილიყო საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები თანამემამულეების მიერ საიუბილეო თარიღის მნიშვნელობის გაცნობიერებასა და მის აღნიშვნაში აქტიურ მონაწილეობას. მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეების მხარდაჭერით ამ იდეის საფუძველზე შეიქმნა საზოგადოებრივი მოძრაობა „ის, რაც გვაერთიანებს“. 

საინიციატივო ჯგუფის წევრები: 

  • დავით მუსხელიშვილი 
  • მერაბ კოკოჩაშვილი 
  • ლაშა თაბუკაშვილი 
  • ავთანდილ არაბული 
  • დავით ლორთქიფანიძე 
  • ნინო სუხიშვილი 
  • რუსუდან ფეტვიაშვილი 
  • კახა ჩიტაია 
  • რეზო კორინთელი