ტესტირების რეჟიმი
blog

🗓 28 სექტემბერი — ღირსი ამბას ხსენების დღეა, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის კახეთში ქრისტიანობის გავრცელებასა და ალავერდის სამონასტრო კომპლექსის დაარსებაში.

🕊 იოსებ ალავერდელი VI საუკუნეში, ცამეტ ასურელ მამასთან ერთად, საქართველოში ჩამოვიდა ქრისტიანობის გასაძლიერებლად. თავდაპირველად მცხეთაში მოღვაწეობდა, მოგვიანებით კი კახეთში გადავიდა და ალავერდის მიდამოებში, უკაცრიელ ადგილას დამკვიდრდა. მისი ლოცვითა და ღვაწლით აქ სამონასტრო ცხოვრება ჩამოყალიბდა, რომელმიც მომავალში ქართველთა სულიერი და ფიზიკური გადარჩენის ქვაკუთხედად იქცა.

🏛 XI საუკუნეში, კახთა მეფე კვირიკე III-მ წმინდა გიორგის მცირე ეკლესიის გვერდით ააგო დიდებული ტაძარი, რომელიც კახეთ-ჰერეთის საეკლესიო კათედრად, მეფეთა საძვალედ და უმთავრეს სალოცავად იქცა. ალავერდის მონასტერში ორი წმინდა სამარხია: ღირსი მამის იოსებ ალავერდელისა და წმინდა მღვდელმთავარ იოანე ალავერდელის, რომელიც 1480 წელს ეწამა ქრისტიანობისთვის. ტაძრის ტრაპეზის ქვეშ ასევე განისვენებს დიდმოწამე ქეთევან დედიფლის წმინდა ნაწილი (XVII ს.).

🙏 დღეს ალავერდის საკათედრო ტაძარი არა მხოლოდ სულიერი, არამედ ქრისტიანული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლია. სიმაღლითა და მასშტაბით ის დღემდე ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში.იგი ინახავს ისტორიასა და კულტურას, რომლის ხსოვნის გარეშეც არ იქნება უკეთესი მომავალი.

✨ ეწვიეთ ალავერდს და შეიგრძნეთ მისი საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი სულიერი სიმშვიდე, რომელიც მომლოცველებს შთაგონებასა და ძალას ანიჭებს.