საქართველოს ისტორიას სარწმუნოების გზაზე მრავალი გმირი ჰყავს მათ შორის განსაკუთრებულ ხსენებას იმსახურებენ კახეთის მთავარი ბიძინა ჩოლოყაშვილი და ქსნის ერისთავები — ელიზბარი და შალვა, რომლებიც XVII საუკუნეში რწმენისა და სამშობლოსთვის მოწამეობრივად აღესრულნენ.
იმ დროს შაჰ-აბასისა და მისი ძის, შაჰ-აბას II-ს შემოსევების შედეგად, კახეთი განადგურდა — ეკლესია-მონასტრები დაწვეს, ციხე-სიმაგრეები დაიპყრეს, ათასობით ქართველი სპარსეთში გადაასახლეს. ასეთ მძიმე ვითარებაში ბიძინა ჩოლოყაშვილმა, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავებთან ერთად კახეთის გათავისუფლება გადაწყვიტა. მათ თანამებრძოლების გუნდი შეკრიბეს და 1659 წლის ალავერდობის დღესასწაულზე, ბახტრიონის ბრძოლაში მტრის ჯარი დაამარცხეს.
თუმცა, თავისუფლება ხანმოკლე აღმოჩნდა. 1661 წელს, ქვეყნის ინტერესების დასაცავად, სამშობლოს მხსნელი გმირები შაჰ-აბასის კარს საკუთარი ფეხით ეწვივნენ. ირანის შაჰმა მათ რწმენის გამოცვლა მოსთხოვა, რასაც უსასტიკესი წამების მიუხედავად ვერ მიაღწია. ქართლის ცხოვრების თანახმად, წამებულნი ერთმანეთს ამხნევებდნენ, ტანჯვას ითმენდნენ და უფალს განმტკიცებას ევედრებოდნენ.
მათი ხსენება კიდევ ერთხელ გვახსენებს, როგორ ძლიერდებოდა ქრისტიანული რწმენა და ერთობა, რაც უფრო და უფრო ამთლიანებდა ერს და ზრდიდა ეროვნულ თვითმყოფადობას.
ამ საუკუნის გმირებს შორის ასევე არიან: წმიდა დიდმოწამე ქეთევან დედოფალი, წმიდა მოწამე ლუარსაბ მეფე, წმიდა ექვსიათასი გარეჯელი ბერი, წმიდა მღვდელმოწამე ევდემოზ კათოლიკოსი, წმიდა მღვდელმოწამე თევდორე კველთელი, ცხრა ძმა ხერხეულიძე და სხვანი.